1 ივლისს, კახეთის რეგიონში ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ორი საწარმო გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი მთავრობის, MCG - ის და CNFA-ის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
გურჯაანში გაიხსნა ფერმერთა მომსახურების ახალი ცენტრი. აღნიშნული ცენტრი ადგილობრივ ფერმერებს უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებითა და მომსახურებით. აქ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ მინერალური სასუქი, მცენარეთა დაცვის საშუალებები, ვეტერინარული პრეპარატები, სათესლე-სარგავი მასალა, აგრარული სამუშაო იარაღები და სხვა; აგრეთვე, გაიარონ კონსულტაციები სოფლის მეურნეობის საკითხებში. გურჯაანის ფერმერთა მომსახურების ცენტრში შეიქმნა 10-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
ლაგოდეხში გაიხსნა ხორცის გადამამუშავებელი საწარმო "თელა". კომპანიამ აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში 125 000 აშშ დოლარის ღირებულების გრანტი მიიღო. ამ თანხით და ადგილობრივი მეწარმის თანადაფინანსებით მოხდა საწარმოს განახლება და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. ჩატარდა გარემოსდაცვითი და მარკეტინგული ღონისძიებები და ტრენინგი სურსათის უვნებლობის საკითხებში. შპს "თელა" აწარმოებს მაღალი ხარისხის მოხარშულ და შებოლილ სოსისებსა და ძეხვს. კომპანიის პროდუქცია იყიდება კახეთის ქალაქების სხვადასხვა სასურსათო მაღაზიებში. კომპანია უზრუნველყოფს სანიტარული ნორმების სრულად დაცვას წარმოების ყველა დონეზე, ისევე როგორც პროდუქციის შემოწმებას სრულად აღჭურვილ ლაბორატორიაში. პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნა 15-მდე ახალი სამუშაო ადგილი, 100-მდე ადგილობრივმა ფერმერმა კი ჰპოვა სარგებელი.
ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დამტკიცებულია 286 პროექტი პირველადი წარმოების, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარებისთვის საქართველოს ყველა რეგიონში, საერთო თანხით 16.2 მლნ. აშშ დოლარი, რაც, სავარაუდოდ, 3600-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნის წინაპირობაა საქართველოს რეგიონებში.
ათასწლეულის ფონდის შესახებ: ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობამ ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს დააარსა. 395,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრანტია და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით ხორციელდება. ეს გრანტი საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და საწარმოთა განვითარებას მოხმარდება. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ: www.mcg.ge
ათასწლეულის კორპორაციის შესახებ: ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის კორპორაცია. მისი მთავარი პრინციპია, დახმარება აღმოუჩუნოს იმ ქვეყნებს, სადაც სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით ხორციელდება მდგრადი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოცილური რეფორმები. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ: www.mcc.ge